თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ზ.კ დამნაშავედ ცნო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ზ.კ. მეუღლეს ნ.ნ.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის 14 და 15 ივნისს მასზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
სამართალდამცველებმა ზ.კ. 2018 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ და ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.