თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართული „ლიბერთი ბანკის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს ჰოლანდიაში სასამართლო მიუგო, დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა >>
რუხაძე სააკაშვილისგან საჯაროდ გამოთქმული შეურაცხყოფისთვის კომპენსაციასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. ამა წლის მაისში სააკაშვილმა რუხაძეს ბანკების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის გაძარცვა დააბრალა.
„ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში. აი, ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის. ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო“, — დაწერა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლომ რუხაძე მიიჩნია პოლიტიკაში ჩართულ პირად და არა კერძო ბიზნესმენად, რაც რუხაძის წაგების მიზეზი გახდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.
მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ საქმეში — 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.