კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია დიდი ოდენობით ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები

გამოწერა
კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 62 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები შემოიტანა. კონტრაბანდული საქონელი სატრანსპორტო საშუალებაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა თბილისსა და ბათუმში: ამოღებულია 1,6 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი

„ორ შემთხვევაში მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში ამოღებულია 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0