თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ 8 სექტემბრის შემდეგ განაცხადებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო 8 სექტემბერს არჩევნებში მონაწილეობის განაცხადების შეტანის ვადა იწურება. მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. კობახიძის განმარტებით, პარტიის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტის პოსტი ისეთი ღირებული აღარ არის.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. კანდიდატი არ გვეყოლება, დღეს გვარებზე საუბარი სწორი არ არის. ჩვენ გადავხედავთ კანდიდატების იმ წრეს, რომლებიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას", — განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარტია მხოლოდ უპარტიო კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ექსპერტების თქმით, დღეისათვის ცნობილი დამოუკიდებელი კანდიდატებიდან მმართველი პარტიის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი შანსი აქვს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, პარლამენტის დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს. მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მზად არის მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილი, თუმცა ყველა მათგანი პარტიის ხელმძღვანელობის ნებართვას დაელოდება. თავად ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს.
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს — ექსპერტთა მოსაზრებები >>
„ჩვენ არ გვყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ცალსახაა, რომ ის უნდა იყოს ყველა შემთხვევაში არაპარტიული. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის დამოუკიდებელი კანდიდატია და ვნახავთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას დაახლოებით 10 სექტემბრისთვის, მანამდე შეიკრიბება პოლიტსაბჭო", — განაცხადა კახა კალაძემ.
ზურაბიშვილის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: 11 პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „მშენებლობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვა სურთ ასევე მოძრაობის „ქართული მარში“ ერთ–ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძეს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას და დამოუკიდებელ კანდიდატს ბესარიონ თედიაშვილს.