თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თავს იკავებენ რაიმე კომენტარისგან აფრიკაში ნავთობის ტანკერის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფება, განუცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „Sputnik-საქართველოს".
ტელეკომპანია Rustavi2-მა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობაზე დაყრდნობით პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 14 აგვისტოს გაბონის სანაპიროებთან დაკარგული გემი კონგოს წყლებში, პუენტ-ნუარის პორტიდან 26 საზღვაო მილის მოშორებით აღმოაჩინეს.
„გარკვეული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას პანამის დროშით მცურავი გემის Pantelena IMO 9321369 გათავისუფლების შესახებ, რომლის ბორტზეც საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პროცესის დასრულებამდე კომენტარებისგან თავს იკავებენ", - ნათქვამია საგარეო უწყებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული სამუშაოები, რომელთა დასრულებამდე, მეზღვაურების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ", – დასძინეს სააგენტოში.
კომენტარს არ აკეთებს არც ქართული კომპანია, რომელმაც მეზღვაურები ამ ტანკერზე მუშაობისთვის დაიქირავა.
ტანკერი Pantelena 2006 წელს აიგო. ეკიპაჟი 21 ადამიანისგან შედგება. ის ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა.