თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა ვარკეთილში დღეს დილით 07:00 საათზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. შედეგად მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა. დაშავებული 30 წლამდეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.