თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ანაკლიაში დღეს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
„ECHOWAVES ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება“, — ნათქვამია ფესტივალის ფეისბუქ-გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მოწყობილ, ჟანრობრივად განსხვავებულ ხუთ სცენაზე: Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage და Aqua Stage-ზე 150-მდე არტისტი გამოვა და მაყურებელს საკუთარ ხელოვნებას წარუდგენს.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ფესტივალზე იმუშავებს 3 სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი, გარდა კარგი მუსიკის პოპულარიზაციისა, ასევე არის ანაკლიის სტრატეგიული სანაპიროს მაქსიმალური ათვისება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ სახელოვნებო სივრცეს, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში და დაისვენონ აკვაპარკში.
ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ უსაფრთხოების ზომები ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება დაცული.