თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის შეღავათების ახალი სისტემა ამოქმედდა. სისტემა მათ შორის ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.
ბრძანებას „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" ხელი მოაწერა უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა. დოკუმენტი გამოქვეყნდა პორტალზე „მაცნე".
სიახლეების თანახმად, საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები მიიღებენ ფულად დახმარებას 1,8 ათასი ლარის ოდენობით ბავშვის დაბადების ან აყვანის, ან ქორწინების, ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ამისთვის მათ უწყებაში უნდა წარადგინონ შესაბამისი მოწმობის ასლი.
თუ სამსახურის თანამშრომელი თავისი მოვალეობების შესრულების დროს დაშავდება ან ტრავმას მიიღებს, მკურნალობისთვის საჭირო თანხებს უწყება გადაიხდის.
ამას გარდა, ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიღებისას, ერთჯერადი დახმარების სახით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი 4 ათას ლარს მიიღებს, ხოლო თუ მეხანძრე-მაშველი მძიმედ დაშავდება, მას 7 ათას ლარს მისცემენ.
თუ უწყების თანამშრომელი დაშავდება და უწინდებურად მუშაობას ვეღარ შეძლებს, სამსახური ვალდებულია, ის დაასაქმოს იმგვარად, რომ მან, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვალეობები სრულფასოვნად შეასრულოს.
თუ უწყება ტრავმის მიღების შემდეგ თანამშრომლის დასაქმებას ვერ შეძლებს, მაშინ ვალდებულია არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში ხელფასის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს ყოველთვიურად.
თუ მეხანძრე ან მაშველი ხანძრის ჩაქრობის ან ადამიანის ან ქონების გადარჩენის დროს დაიღუპა, მისი პოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით 100 ათას ლარს მიიღებს. გარდა ამისა, უწყება დამატებით გამოყოფს 500 ლარს დაღუპულის ოჯახისთვის სასაფლაოს მოწყობისთვის, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს.
მაგრამ თუ მეხანძრე ან მაშველი დაიღუპა თავისი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ არა ხანძრის ჩაქრობის ან ადამიანის ან ქონების გადარჩენის დროს, სახელმწიფო მის ოჯახს ამ შემთხვევაში 15 ათას ლარს გადაუხდის. უწყება დამატებით გამოყოფს 500 ლარს დაღუპულის ოჯახისთვის სასაფლაოს მოწყობისთვის, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს ასევე შეუძლია მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება მეხანძრის ან მაშველისთვის უწყების ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ.
მივლინების დროს სადღეღამისო თანხა იქნება 18,75 ლარი. ასევე, უწყება ვალდებულია, დაფაროს თავისი თანამშრომლის დაქირავებულ ბინაში ან სასტუმროში ცხოვრების ხარჯები.