თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართული ტრიო „ელემენტები" რომელიც ახალგაზრდა პიანისტმა და კომპოზიტორმა სანდრო ნებიერიძემ დააარსა, 22 აგვისტოს ბავარიაში, შტარნბერგის ტბის ნაპირზე ვაიდენკამის ციხესიმაგრეში გამოვა.
ტრიო „ელემენტები" მრავალი საერთაშორისო და ეროვნული პრემიის ლაურეატია. პიანისტ სანდრო ნებიერიძესთან ერთად ტრიოში უკრავენ მევიოლინე ანა ჭანია და ვიოლონჩელისტი სანდრო სიდამონიძე. ანსამბლის დებიუტი 2015 წელს გერმანიის აუგსბურგში გაიმართა. მას შემდეგ ტრიო გერმანიასა და საქართველოში გასტროლებს მართავს.
ანსამბლის დასახელება მუსიკოსებმა ნებისერიძის თხზულების სახელწოდებიდან აიღეს. ნაწარმოები მან გერმანული ფესტივალის „მოცარტი-აუგსბურგი" დაკვეთით დაწერა.
„ვაიდენკამის ციხესიმაგრეში ყოველწლიურად ციურიხის კონსერვატორიის პროფესორის, ჰანს-იურა შტრუბის მასტერ-კლასები იმართება ფორტეპიანოში. მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მის მასტერ-კლასებში. ეს საიუბილეო წელია - მასტერ-კლასების 20 წელი, ამიტომ მე და ჩემი ტრიო კონცერტით მიგვიწვიეს", - განუცხადა „Sputnik-საქართველოს" სანდრო ნებიერიძემ.
მისი თქმით, ტრიო ვაიდენკამში სრულიად ახალ პროგრამას წარმოადგენს: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ტრიო „მოჩვენება", სერგეი რახმანინოვის „ელეგიური ტრიო" და დმიტრი შოსტაკოვიჩის „ტრიო №1".
საღამოზე ასევე აჟღერდება ნებიერიძის ნაწარმოები „ელემენტები", რომელიც ოთხ სტიქიას - ცეცხლს, წყალს, მიწასა და ჰაერს ეძღვნება.