თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ (ამჟამად „ველმონდი“), კაზინომ მუშაობა განაახლა, იუწყება პირველი არხი.
სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ახალი სახელწოდება „ველმონდი“ 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შემდეგ მიიღო. ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად, კვამლით გაგუდვა გახდა. სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო დაილუქა.
სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა, რომ სამსახურის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ კაზინოში უსაფრთხოების ზომები ძირითადად დაცულია და ამის შემდეგ მისი მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ივლისს იყო. შესაბამისად, მას შემდეგ სასტუმროში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი რამ გამოსწორდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და ჩვენ სრულიად დავემორჩილეთ მას. ამ პერიოდის განმავლობაში ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
თუმცა ადვოკატს უჭირს თქმა, უახლოეს დროს განაახლებს თუ არა სასტუმრო მუშაობას.
„ველმონდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენცდარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.