თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ, ამ სიტყვებით მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო ლიტურგიის დროს.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს აღნიშნავს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს — უფლის ფერიცვალებას. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა.
„ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, მიდის მაღლა ან ეშვება დაბლა. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ, რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე“, – აღნიშნა ილია მეორემ.
„ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერისცვალების ღირსი გავხდეთ“, — აღნიშნა მან.
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვები საქართველოს ყველა ეკლესიაში გაიმართა. ამ დღეს ეკლესიებში ხილი და ყურძენი იკურთხება.