შალვა ნათელაშვილი ტაქსის მძღოლების ლიცენზირების წინააღმდეგია

გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერს და პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ რეგულაცია მსხვილი კომპანიების შექმნას გამოიწვევს, რაც ამ სფეროში დასაქმებულ ბევრ ადამიანს უმუშევარს დატოვებს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ტაქსებისათვის სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას ლეიბორისტული პარტია სასამართლოში ასაჩივრებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.

„ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული დატოვოს ქვეყანა" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავდა, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხებოდა. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად, ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდებოდა.

„კალაძე-ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა, სრული მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაზიდვაზე, მათ შორის ამ სფეროში და შეუდგა რეგულაციებს, რაც გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამინების ქუჩაში დატოვებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ტაქსების მძღოლებისთვის რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

ტაქსების ლიცენზირების პროცესი 1 აგვისტოდან დაიწყო. 15 აგვისტოსათვის ლიცენზია უკვე მიიღო 200-მა ტაქსმა. 

ერთწლიანი ლიცენზიის საფასური, ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს გადაიხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის ლიცენზია უფასო იქნება. თუ ტაქსის მძღოლები მგზავრებს უნებართვოდ გადაიყვანენ მათ 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0