თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საფრანგეთში ქურდობაში ედება ბრალი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ქართული წარმოშობის სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დასადგენად საფრანგეთის პოლიციამ ამ ქვეყანაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს მიმართა.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ 1982 წელს დაბადებული, ეჭვმიტანილი ა. ჯ. გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს. მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", — აღნიშნავენ უწყებაში.