სამი შვილის დედა, რომელიც ულამაზეს სამკაულს ქმნის

გამოწერა
ფატი კოჩაძე სამი შვილის დედაა. უფროსი შვილი ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა. წლებია ფატი ხელსაქმით არის დაკავებული. თუმცა ბოლო პერიოდში მისი ძირითადი საზრუნავი მხოლოდ შვილებია.

ფატის წლების განმავლობაში საკუთარი სამკერვალო ატელიე ქონდა. დროის არქონის გამო, მისი დახურვა მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ სამ შვილს ზრდის და ოჯახს უძღვება,  ის მაინც ახერხებს გამონახოს დრო და ულამაზესი სამკაულები შექმნას.

© photo: courtesy of Fati Kochadzeფატი კოჩაძე
ფატი კოჩაძე - Sputnik საქართველო
ფატი კოჩაძე

— ხელსაქმის მიმართ მიდრეკილება ყოველთვის მქონდა. თვითნასწავლი ვარ, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ვქმნი როგორც სამკაულს, ასევე ტანსაცმლის დიზაინს და შემდეგ მე თვითონ ვკერავ. სამკერვალო ატელიე მქონდა. როცა შვილები მეყოლა, მთელი დრო მათ დავუთმე და ატელიეს დაკეტვა მომიხდა. ამჟამად ვმუშაობ სახლში, მყავს სამი პატარა შვილი, რის გამოც ძალიან ცოტა დრო მრჩება სამუშაოდ, მაგრამ მაინც ვახერხებ შევთავაზო ჩემს მომხმარებელს განსხვავებული ნივთები.

ერთი წელია რაც სამკაულს ვამზადებ, კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ბევრს მოსწონს ჩემი სამკაული და მომხმარებელიც საკმაოდ ბევრია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მე თვითონ დიდად არ მიყვარს სამკაულის ტარება. თუმცა ყველა ჩემი ნივთი ძალიან მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის. ყველა სამკაული ჩემი დიზაინითაა შექმნილი და შესაბამისად ჩემი ნაწილი ხდება. თუმცა მომხმარებლის თხოვნით და გემოვნებთაც ბევრი დამიმზადებია.

- ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

— მარტო ვმუშაობ და ყველა დეტალს  დამოუკიდებლად ვამზადებ. ეს შრომატევადი, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესია. ამავე დროს აზარტულიც.  ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის ოთხი წლის და რომელსაც დედის ნიჭი გამოჰყვა, ყოველთვის ინტერესით მაკვირდება და ხშირად შეფასებებსაც მაძლევს.

© photo: courtesy of Fati Kochadzeყელსაბამი
ყელსაბამი - Sputnik საქართველო
ყელსაბამი

- ალბათ ყველა ფერი არ უხდება ერთმანეთს. როგორ ქმნით ფერთა გამას და რის მიხედვით არჩევთ ფერებს?

—  წინასწარ არაფერს არ  ვგეგმავ. მუშაობის პროცესში მოდის იდეები და ფერების შეხამებაც. მასალის მიხედვით იქმნება დიზაინიც. ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთს რამე არ მოუხდეს ის,  რაც გათვალისწინებული მაქვს, ამიტომ ვუცვლი ფორმას ან ფერს.

ვცდილობ ჩემი სამკაული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს, ამიტომ მათ შესაქმნელად  სხვადასხვა მასალას ვიყენებ, რასაც ძირითადად  საზღვარგარეთ ვიძენ.

- სად იყიდება თქვენი სამკაული?

— ჩემი ნამუშევრები ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით იყიდება. საზღვარგარეთაც  ვაგზავნი შეკვეთებს.

ძალიან რთულია ქართველების გაოცება, ნიჭიერი ერი ვართ და ძალიან ბევრს შეუძლია საინტერესო, ორიგინალური ნივთების დამზადება. ამიტომ  სულ ვცდილობ არ განვმეორდე და ყოველ ჯერზე გავაოცო ჩემი მომხმარებლები, გულშემატკივრები.

სამკაულს დიდი როლო უკავია ადამიანის  გარეგნობაში. ლამაზი სამკაული პირველ რიგში  ალამაზებს ადამიანს, ასევე მის ხასიათსაც წარმოაჩენს. როცა სამკაულს ვამზადებ და ამავე დროს ვიცნობ მის მომავალ მფლობელს, ვცდილობ მის ხასიათსაც შევუხამო სამკაული.

© photo: courtesy of Fati Kochadzeბროშები
ბროშები - Sputnik საქართველო
ბროშები

- როგორი სტილის სამკაულია დღეს მოდური და აქტუალური?

— ასე კონკრეტულად არ შემიძლია თქმა. დღესდღეობით მრავალნაირი სამკაულია მოდაში, თუმცა მასიური, დიდი ზომის და თვალშისაცემი ფერები უფრო აქტუალურია.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— სამომავლო გეგმებს რაც შეეხება,  მონაწილეობას ვღებულობ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება სექტემბრის ბოლოს და ეს ძალიან მახარებს.  სხვა გეგმა ჯერ არ მაქვს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0