რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ მშობიარობას და არის თუ არა ცოდნის დეფიციტი ორსულებში

გამოწერა
საქართველოში 2017 წლის მარტიდან დღემდე, საკეისრო კვეთის დასაშვები რაოდენობის გადაჭარბების გამო, 17 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მშობიარეთა შორის 2016 წელს საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობამ 44% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

ამ ფაქტმა მითქმა მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში და აზრები ორ ნაწილად გაყო. რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას და რატომ არის დაუშვებელი საჭიროების გარეშე საკეისრო კვეთის ჩატარება, ამის შესახებ წმ.იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ნინო ლაცაბიძე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Nino Latsabidzeნინო ლაცაბიძე
ნინო ლაცაბიძე - Sputnik საქართველო
ნინო ლაცაბიძე

- რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას?

— ამას სიტყვაც გვიჩვენებს. ბუნებრივი — უფრო უსაფრთხოა და  საუკუნეების განმავლობაში მეტად არის შესწავლილი მედიკოსების მიერ. ბუნებრივი მშობიარობა ხდება საჭირო დროს და ზუსტად იცის ბავშვმა, როდის უნდა მოევლინოს ქვეყანას. საკეისრო კვეთა დროზე ადრე ხდება, ამიტომ ეს გარკვეულწილად  სტრესია ნაყოფისთვის. ბუნებრივი მშობიარობა  საშუალოდ 12-14 საათამდე გრძელდება, საკეისრო კვეთა კი 35-45 წუთი, ამიტომ  ბავშვისთვის ადრეული მოწყვეტა დედის ორგანიზმიდან არის შოკი. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბუნებრივ მშობიარობას სჭირდება,  ხდება ნაყოფის ადაპტაცია გარემო პირობებთან. გარდა ამის დედის ორგანიზმის აღდგენითი პერიოდი ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ ძალიან ჩქარა ხდება, ვიდრე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.  ბუნებრივი მშობიარობის დროს, ახალშობილის სასუნთქ გზებში მყოფი სანაყოფე წყლები გამოიდევნება და რესპირაციული გართულებები ბევრად ნაკლებია ახალშობილებში, რასაც ვერ ვიტყვით საკეისროზე. დადგენილია, რომ საკეისროს შემდეგი გართულებები გაცილებით აღემატება ბუნებრივი მშობიარობის შემდგომ გართულებებს. ახალშობილი, რომელიც გამოივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს,  მეტად შეგუებული და ადაპტირებულია გარემო პირობებთან. შემდგომში ეს პატარები მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან, ვიდრე საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები. ალბათ ესეც დაკავშირებულია იმასთან, რომ უფრო ხანგრძლივი დროით ხდება გამოვლა ბუნებრივი სამშობიარო გზების და შესაბამისად სტრესთან შეგუებაც ნელ-ნელა მიმდინარეობს.

CC BY-SA 2.0 / Bridget Coila / Holding Hands With a Newborn Babyახალშობილისა და დედის ხელები
ახალშობილისა და დედის ხელები - Sputnik საქართველო
ახალშობილისა და დედის ხელები

ბუნებრივი მშობიარობის დროს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ჩახევები, უფრო მარტივად ხდება ლორწოვანი გარსის შეხორცება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ნაწიბურის შეხორცება. ზოგადად ბუნებრივი სამშობიარო გზების დროს მიღებული ტრავმები უფრო მარტივად აღდგება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ტრავმები.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და დიდი უპირატესობა, რაც ბუნებრივ მშობიარობას აქვს, ეს არის მორალური ასპექტი. დადასტურებულია, რომ ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ ქალი განიცდის კმაყოფილებას, რომ მან ეს შეძლო. ეს განცდა საკეისროს შემდეგ არ აქვთ. თითქოს ამ სტრესის მერე ჰორმონალური კოქტეილი გადმოისროლება ორგანიზმში ოქსიტიცინის და ენდორფინების სახით და განცდა იმისა, რომ რაღაც დიდებული გააკეთე, ახალი სიცოცხლე მოავლინე ქვეყანას,  შენ ეს შეძელი, გაბედნიერებს.  რა თქმა უნდა ბუნებრივი მშობიარობის დროსაც არის გართულებები, თუმცა  როგორც აღვნიშნე, საკეისროს შემთხვევაში მეტია გართულებების რისკი.

CC BY-SA 2.0 / Salim Fadhley / What a bruiser!ახალშობილი ბავშვი
ახალშობილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
ახალშობილი ბავშვი

- რა გართულებები შეიძლება მოყვეს საკეისრო კვეთას?

— პირველი და მთავარი არის ის, რომ დიდი რისკია ინფიცირების. საკეისროს დროს შესაძლოა მოხდეს ნორმაზე მეტი სისხლის დაკარგვა. სისხლის დაკარგვა ბუნებრივი მშობიარობის დროსაც არ არის გამორიცხული,  მაგრამ ჭრილობიდან უფრო მეტი სისხლი იკარგება, რაც შემდგომ ბევრად მეტ გართულებას იწვევს.  შესაძლოა ამან საშვილოსნოს დაკარგვამდეც მიგვიყვანოს. ბუნებრივი მშობიარობის დროს, ორგანოს მთლიანობა არ არის დაკარგული, ამიტომ აღდგენითი და შეკუმშვის ფუნქცია მეტი აქვს საშვილოსნოს. როგორც გითხარით სისხლის დაკარგვა ორივე შემთხვეაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ კეთილსაიმედო გამოსავალი პროგნოზულად, ბუნებრივი მშობიარობის შემდგომ უფრო მაღალია.

საკეისრო კვეთის შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საკეისრო ეს არის ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც იხსნება მუცლის ღრუ, ამიტომ ჩვენ არ ვიცი ამას შინაგანი ორგანოების მხრივ რა გართულებები მოჰყვება. ჩვენ არ ვიცით ნებისმიერ ორგანიზმში ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, მუცლის ღრუს შეხორცებითი პროცესები როგორ განვითარდება, ამიტომ ოპერაციული ჩარევის დროს, სხვა ორგანოების გართულების და დაზიანების რისკი პროცენტულად ძალიან მაღალია.

რაც შეეხება ტკივილებს, სამშობიარო ტკივილი მოიცავს იმ პერიოდებს, რა დროსაც მიმდინარეობს მშობიარობა. მშობიარობის  შემდეგ მუცლის ღრუს ტკივილი ქალს  ნაკლებად აწუხებს.  პოსტ ოპერაციული ტკივილი კი შესაძლოა თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ეს იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ  ასეც ხდება. როგორც საკეისრო კვეთის დროს ვიყენებთ სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიას ასევე შეიძლება გაუტკივარდეს მშობიარობის პროცესიც და თავიდან ავიცილოთ ტკივილები.

სახუმარო ნახატი ორსულის მუცელზე - Sputnik საქართველო
ორსულობა და მშობიარობა: რას ნიშნავს სრულფასოვანი მშობლის სტატუსი

- როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვენ ორსულები საკეისროს, როცა არანაირი პრობლემა არ აქვთ და საკეისრო კვეთა საჭიროებას არ წარმოადგენს?

— სამწუხაროდ დღესდღეობით არის ცოდნის დეფიციტი. ქალებმა არ იციან რა უპირატესობები აქვს  ბუნებრივ მშობიარობას და ამიტომ ითხოვენ საკეისრო კვეთას  საჭიროების გარეშე. ყველა დედამ ზედმიწევნით კარგად რომ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალშობილისთვის ბუნებრივი გზებით დაბადება, რამდენად მაღალია საკეისროს შემდეგი გართულებების რისკი, დარწმუნებული ვარ, თუ არ აქვს ჩვენება და აუცილებლობას არ წარმოადგენს,  საკეისრო კვეთას აღარ მოითხოვდნენ. ამის შესახებ ყველა ექიმი უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ორსულს. როცა დედას ეუბნებიან, რომ ბავშვს იმუნური სისტემა უკეთესი ექნება, სიცოცხლისუნარიანობა მეტი ექნება, ნაკლები რესპირაციული გართულებები ექნება, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე თქვას, რომ არა, მაინც საკეისრო უნდა, რადგან სამშობიარო ტკივილს ვერ გადაიტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0