თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თელავის სოფელ წინანდალში ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციის მონაწილეები სასტუმრო „რედისონისთვის“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ უბანში მაღალი ძაბვის კაბელის დამონტაჟებას აპროტესტებენ და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათ კომპანიას ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს, რომელიც სოფლის შემოვლითი გზის გამოყენებას გულისხმობს.
რაც შეეხება „ენერგო-პრო-ჯორჯიას” პოზიციას, კომპანიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
„სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კონტრაქტორი ფირმა, რომელიც პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების სისწორეზე და ამას „ენერგო-პრო ჯორჯია“ მკაცრად აკონტროლებს”, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში არა მაღალი ძაბვის, არამედ 10 კვ-იანი ელექტროსისტემის მონტაჟი ხორციელდება.