თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 42 წლის გ. მ.
ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელ სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ. ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ორი ნაცნობი პირი თბილისიდან: 44 წლის პ.მ. და 35 წლის ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ, ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის თანამშრომლებმა გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.