თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ გერმანიაში თავშესაფარს, იუწყება ტელეკომპანია Imedi გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობლად მატებამ გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია. თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავდა. მოგვიანებით კი გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ივლისის მაჩვენებლებით საქართველო არ მოხვდა იმ 10 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეები თავშესაფარს ქვეყანაში ყველაზე ხშირად ითხოვენ. თუმცა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით, საქართველო ამ კუთხით მე-9 პოზიციას იკავებს. გერმანიაში თავშესაფარი შვიდ თვეში საქართველოს 2625-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 2.6 პროცენტია.
გერმანია უახლოეს ხანში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეყვანას გეგმავს, რის შედეგად თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადები შემცირდება.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით, გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეიზღუდა და პროცედურები გამკაცრდა.