„ციბენას“ მეპატრონემ, ბატონმა მერაბ ჯანელიძემ დაამტკიცა, რომ სულაც არის რთული რიგითმა ადამიანმა დააინტერესოს, მოიზიდოს უცხოელი ტურისტი, მოაწონოს მას საკუთარი კუთხე, სოფელი და მოხიბლოს მშობლიური ეზოთი, ოჯახური ტრადიციებით და სტუმართ-მასპინძლობით.
— პროფესიით ავტოინჟინერი ვარ, თუმცა სამსახურის არქონის გამო გადავწყვიტე საოჯახო ტიპის სასტუმრო გამეხსნა. 2005 წელს დავიწყე „ციბენას“ აშენება. ძალიან მინდოდა ჩემთან ბევრი სტუმარი და ხალხმრავლობა ყოფილიყო, ეს საქმე კი მისწრება იყო. თავიდან სახლში ვიღებდი სტუმრებს. შემდეგ ჩემი სახლის გვერდით შევიძინე მიწა და ავაშენე კოტეჯები.
- სად მდებარეობს თქვენი სასტუმრო?
— ამბროლაურის რაიონში ვცხოვრობ. ეს არის რაჭის ცენტრი. გვერდით ჩამოდის რიონი, კრიხულა. ძალიან ახლოს არის ქალაქთან. სულ რაღაც სამ საათ ნახევარში კი თბილისში ხარ. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ შოვი, მრავალძალი, ნიკორწმინდა, ბარაკონი, შაორი და სხვა. ოთხი ღვინის ქარხანა გვაქვს და კიდევ შენდება ახლა. ჩვენი რაიონი პატარაა, მაგრამ მრავალფეროვანი ბუნებით და საოცარი ხედებით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება განიტვირთო და ნაყოფიერად დაისვენო.
ამას გარდა მაქვს დიდი ვენახები. სამი ტონა ყურძენი მომყავს სეზონზე და ჩემი საკუთარი ღვინით ვუმასპინძლდები სტუმრებს. გასულ წელს, რთვლის დროს ჩემთან ბრძანდებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები. ყოველ წელს მოდიან სამინისტროს წარმომადგენლები, როგორც გითხარით, ცენტრი ადგილია და აქედან ადევნებენ თვალყურს რთველის პროცესს.
- რატომ დაარქვით სასტუმროს „ციბენა“?
— მყავს ქალიშვილი ციცი, ვაჟიშვილი ბექა და მეუღლე ნანა. ინდმეწარმე ვარ და დამჭირდა ბეჭედი, ამისთვის რაღაც სიტყვა უნდა მომეძებნა. ავკრიფე მათი სახელების პირველი ორი ასო და გავაერთიანე. გამოვიდა „ციბენა“. ასე შეიქმნა ეს ლამაზი სახელი.
- მშენებლობის დროს რატომ მიანიჭეთ უპირატესობა კოტეჯებს?
— ვფიქრობ, რომ ხე სულ სხვა სიცოცხლეა, რომლიც ფაქტიურად სუნთქავს. პირველ რიგში ხე არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა. გარდა ამისა კოტეჯები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია დასასვენებლად. ვფიქრობ კოტეჯების იდეამ გაამართლა, ძალიან ლამაზი გამოვიდა. კოტეჯების გვერდზე ვაშენებ სამ სართულიან სახლს, სადაც ან ჩემი შვილი გადავა საცხოვრებლად თავისი მეუღლით, ან მე და ჩემი მეუღლე გადავალთ. ჩემი შვილები ძალიან მეხმარებიან, ამიტომ ერთად კარგად ვუძღვებით ამ საქმეს და გულითადად ვმასპინძლობთ სტუმრებს. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა შვილიშვილიც კი მეხმარება. ბავშვიანი ოჯახები, რომ მოდიან დასასვენებლად, ჩემი შვილიშვილი პატარა სტუმრებს „გიდობას“ უწევს და ერთად კარგად ერთობიან აუზში ჭყუმპალაობენ, თამაშობენ ეზოში.
- ულამაზესი ეზო გაქვთ. ვინ გააშენა და ვინ უვლის თქვენს ყვავილებს?
— ეს ფუნქცია ჩემმა მეუღლემ და რძალმა შეითავსეს. ვთვლი, რომ ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ღირსება ჩვენი ეზო და ხედებია. სულ ეზოში და სამზარეულოში ფუსფუსებენ. ვცილობთ ჩვენი სტუმრები რაჭული კერძებით გავანებივროთ. არაჩვეულებრივ რაჭულ ლობიანებს აცხობენ, ამზადებენ შქმერულს და სხვა. აქვე მაქვს მაყალი და ამ ყველაფერს მოყვება ხოლმე სასიამოვნო საღამოები, განტვირთვა და შემდეგ ტკბილი მოგონებები.
ჩვენთან დღესასწაულებიც იმართება. ხელის მოწერის ცერემონიაც ყოფილა, ფოტოსესიები და ა.შ. თუ მოგვარდება ეს საკითხი, სულ მალე ჩემთან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც გადაიღებს ფილმს.
- რას ნიშნავთ თქვენთვის იყოთ რაჭველი?
— ო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩემთვის. ბევრ უცხოელს წარმოდგენა არ აქვს რაჭაზე, არც კი იციან თუ არსებობს ასეთი მხარე. შარშან 26 ადამიანი იყო შვეიცარიიდან, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ რაჭაზე. გაოცებულები წავიდნენ აქედან. უცხოელებს ძალიან მოსწონთ, ჰაერი, ბუნება, სტუმართ-მასპინძლობა, კერძები, ღვინო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტუმრისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მე უკვე რაღაცას ვაკეთებ ჩემი კუთხისთვის, ქვეყნისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის.