თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე ხშირად უარს ეუბნებიან ინდოეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტები, სადაც მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს, დაკავშირებულია ინტერპოლის ხაზით ძებნილი პირების ბაზასთან.
2018 წლის პირველ ექვს თვეში უცხოელებს საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 900-ჯერ ეთქვა.
ყველაზე მეტი უარი მიიღეს ინდოეთის (571), თურქეთის (492) და აზერბაიჯანის (418) მოქალაქეებმა.
რუსეთის მოქალაქეებმა ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილი დაიკავეს — მათ უარი 230-ჯერ ეთქვა, ხოლო სომხეთის მოქალაქეებს — 88-ჯერ (მერვე ადგილი).
ათეულში ასევე შევიდნენ სირიის, უზბეკეთის, თურქმენეთის, პაკისტანის და ეგვიპტეს მოქალაქეები.
ქვეყანაში შემოსვლაზე თითოჯერ ეთქვა უარი აშშ-ის, ბულგარეთის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, კამბოჯის, კამერუნის, ფიჯის, ჰაიტის, ლიბიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, მადაგასკარისა და უგანდის მოქალაქეებს.
ყველაზე ხშირად უარით ისტუმრებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულებს. შემდეგ მოდის საკონტროლო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის საზღვარი), „ყაზბეგი“ (რუსეთის საზღვარი), „სარფი“ (თურქეთის საზღვარი) და „სადახლო“ (სომხეთის საზღვარი).
საქართველოში მიმდინარე წლის ექვს თვეში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ 3,5 მილიონ გადააჭარბა. ყველაზე ხშირად საქართველოში ჩამოდიან აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და თურქეთის მოქალაქეები.