თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორი ტილმან შპრეკელსენი, ხოლო ილუსტრაციების ავტორი კატ მენშიკი გახლავთ.
პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმრებმა საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერეს და შეისწავლეს, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა.
ახალ პროზაულ ტექსტზე Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ჟურნალისტმა, ტილმან შპრეკელსენმა იმუშავა. ახალი ტექსტი ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით მომზადდა.
წიგნი გერმანულ გამომცემლობა Galiani Berlin-ში 2018 წელს გამოიცემა და წარდგენილი იქნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წიგნის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ სხვა უცხოენოვან გამოცემათა შორის.
პროექტს გერმანული გამომცემლობა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს.
ბოლო თვეებში გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა რამდენიმე ცნობილი ქართული ნაწარმოები: სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“, ჭაბუა ამირეჯიბის განთქმული რომანი „დათა თუთაშხია“, აკა მორჩილაძის რომანები „გასეირნება ყარაბაღში“ და „მამლუქი“, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვ.