თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა აზერბაიჯანიდან, განაცხადა პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს ესტუმრა 4,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ +12,9% შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,4 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 433,6 ათასით მეტია.
აზერბაიჯანის შემდეგ ლიდერობენ რუსეთი, თურქეთი და სომხეთი.
შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანას ესტუმრა ქართული დიასპორის 265,1 ათასი წარმომადგენელი, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საერთაშორისო ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეიდან (+143%), ჩინეთიდან (+92%), საუდის არაბეთიდან (+67%), ქუვეითიდან (+49%) და ბელარუსიდან (+43%).
ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.
უცხოელი ვიზიტორების მიერ საზღვრის გადაკვეთის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა სარფში, თბილისის აეროპორტში და ყაზბეგში.
Booking-მა საქართველო მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ ღვინის მიმართულებებს შორის დაასახელა >>
2018 წლის შვიდ თვეში უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +28,9%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 305 მილიონი დოლარით აღემატება.
ტურიზმის სფერო საქართველოში წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება შემოწმებები, მომსახურე პერსონალი და გიდები გადამზადების კურსებს გადიან.