თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მყინვარ ლეხზირთან ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო.
დღეს სვანეთში ლეხზირის მყინვარიდან ყინულის მასის ნაწილი ჩამოიშალა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ადგილობრივების განცხადებით, მყინვარი სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოიშალა, სადაც „მესტია-ჭალაჰესი“ შენდება და ფიქრობენ, რომ მომხდარის მიზეზიც სწორედ ჰესის მშენებლობაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების სპეციალისტებმა ადგილზე მყინვარი დაათვალიერეს და არსებული ვითარება შეაფასეს.
სპეციალისტების ცნობით, მყინვარ ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასების ჩამოშლის შედეგად ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება.
მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით, მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს.
მყინვარი დასახლებული პუნქტებიდან შორსაა. ამ ადგილს დროგამოშვებით ტურისტები სტუმრობენ, თუმცა, ზუსტი მონაცემები იმის თაობაზე, იმყოფებოდნენ თუ არა ყინულის მასის ჩამოშლის დროს ისინი ამ ტერიტორიაზე, არ არის.
ლეხზირის მყინვარი საქართველოში ყველაზე დიდი მყინვარია. ის დაახლოებით 36 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და 15,9 კილომეტრი სიგრძისაა. მყინვარის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრზეა განთავსებული.