თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებისას წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სპეციალისტები ფრესკას ХIV საუკუნით ათარიღებენ. საკონსერვაციო სამუშაოების ხელმძღვანელის, მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის განცხადებით, უნიკალურ ფრესკაზე წმინდა ნინო ხელში უჭირავს არა მხოლოდ ჯვარი, არამედ სახარებაც. ფრესკაზე მკაფიო წარწერაა — „წმინდა ნინო".
„მსგავსი ფრესკა აქამდე საქართველოში არ აღმოჩენილა. თუმცა, გვაქვს მე-12 და მე-13 საუკუნეების რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ იმ შემთხვევებში, შეუიარაღებელი თვალით წარწერა „წმინდა ნინო" არ ჩანს", — განაცხადა მერაბ ბუჩუკურმა.
წალენჯიხის ტაძრის რესტავრაცია ამა წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო. ამჟამად ეკლესიის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.
ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აგებული. 1960-1980 წლებს შორის ის ნაწილობრივ გარემონტდა, განახორციელეს ავარიულ მდგომარეობაში არსებული ფრესკების კონსერვაცია.