თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მარგველაშვილმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი მოვლენები შეახსენა, რომლებიც ქვეყნის პირველი მოსამართლის გადადგომას უსწრებდა წინ. მათ შორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებები, რომლებიც სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხებოდა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა გაიხსენა ნინო გვენეტაძის ის განცხადებაც, სადაც ის ზეწოლაზე საუბრობდა და ხაზს უსვამდა, რომ სწორედ ამ ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
„ყველაზე ნიშანდობლივია თავად ნინო გვენეტაძის განცხადება, რომელშიც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან კონსულტაციებს გამართავს ყველასთან, ვისაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაში შეუძლია დახმარება, და მოუწოდა იურისტებს, ჩაერთნენ პროცესში.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა გაიაზროს „ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას“.
„…დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი და ჩვენი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო უნდა გაჯანსაღდეს. ეს არის გამოწვევა“, —განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, იფიქროს სახელმწიფოებრივად, გადადოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაზე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, წარადგენს თუ არა პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ანა დოლიძის კანდიდატურას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ კონსულტაციების გამართვას სწორედ იმ მიზნით აპირებს, რომ თავად კი არ დაასახელოს კონკრეტული კანდიდატი, არამედ საზოგადოებამ.
„ეს არ იქნება ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატურა, კანდიდატურას შეარჩევს ქართული საზოგადოება,“ — თქვა მან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა. მისი თქმით, რამდენიმე თვით უცხოეთში მიემგზავრება სამკურნალოდ.
უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.