თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება სასამართლოს პრესსამსახური.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, გლდანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოქალაქე გ.ლ.-მ იმგზავრა დ.ც-ს კუთვნილი ტაქსით, რა დროსაც მძღოლმა ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე გააჩერა, მგზავრი ძალის გამოყენებით გადმოიყვანა მანქანიდან, გაიყვანა მოშორებით და ტანსაცმლის გახდა დაუწყო. როდესაც გ.ლ-მ მას წინააღმდეგობა გაუწია, დ.ც.-მ ძლიერად გაარტყა სახეში და მოკვლით დაემუქრა.
ამის შემდეგ კვლავ მანქანის უკანა სალონში ჩასვა, მოკვლის მუქარითა ძალადობით გახადა ტანსაცმელი და დაამყარა მასთან სქესობრივი ურთიერთობა.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ინტერესის გათვალისწინებით, საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო.
სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის ან მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელისშეშლის მაღალი რისკი და დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე — პატიმრობა განუსაზღვრა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართება.