თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პოპულარული ქართველი მომღერლის, დავით კენჭიაშვილის სოლო-კონცერტი თბილისში 7 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
საღამო თბილისის ფილარმონიის სცენაზე 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთები უკვე იყიდება ფილარმონიის სალაროებში და ასევე ონლაინ.
კონცერტი სახელწოდებით „ქარი მინდა და მხოლოდ მინდორი“ ეთნო-ფოლკის და ახალი მუსიკალური მიმდინარეობების ერთგვარი იმპროვიზირებული სინთეზი იქნება. სცენაზე გაჟღერდება სიმღერები დათო კენჭიაშვილის ბოლო ალბომიდან, რომელიც აშშ-ში ხმისჩამწერ სტუდიაში ჩაიწერა. ამ კომპოზიციებს ქართველი მაყურებელი პირველად მოისმენს.
„ეს კონცერტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც უდავოდ მოიგებს ქართველი და მსოფლიო მსმენელის გულს“, — ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
კენჭიაშვილთან ერთად ფილარმონიის სცენაზე დავით კიკნაველიძის სტუდიის მოსწავლეთა გუნდი „თაობა“ წარდგება, რომელიც სხვადასხვა კონკურსის და ფესტივალის ლაურეატია და მრავალი გრან-პრის მფლობელია.
საღამოში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მუსიკოსები: ზაზა კეჭაყმაძე (ბას-გიტარა),თეიმურაზ ხაბაზიშვილი (გიტარა), თეიმურაზ გრიგალაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი), ლევან ოძელაშვილი (ჩასაბერი საკრავი), გიორგი სუბელიანი (სიმებიანი საკრავი), ალუდა ჯანაშვილი (გარმონი) და დიჯეი გიორგი მაისურაძე.
დათო კენჭიაშვილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორ-ფოლკლორისტია, რომელიც ქალაქურ რომანსებს და ფოლკლორულ მუსიკას ასრულებს. დღეისათვის ის ქართული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია.
კენჭიაშვილის ჰიტებიდან ყველაზე ცნობილია „რამდენი მალოდინე“, „არ დაიჯერო“, „მიყვარხარ“ და სხვ.
კენჭიაშვილი ბავშვთა ხმის ჩამწერი სტუდიის მფლობელია.