თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამტრედიაში მცხოვრებ 40 წლის ესმა შარტავას ოჯახი მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებს.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ დაკარგულის დამ განუცხადა, იგი სახლიდან 28 ივლისს გავიდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ესმა შარტავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ჩემი და სახლიდან პარასკევს დილით გავიდა. შაბათს კი მისი კუთვნილი ავტომობილი გრიგოლეთის გზაზე იპოვეს. მანქანაში წერილიც ვიპოვეთ, სადაც შვილს წერდა: „ჩემი სასუფეველი ზღვის ფსკერიაო. სწორედ ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ მან თავი დაიხრჩო. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, — განაცხადა სოფიო შარტავამ.
სავარაუდო სიუციდის საბაბი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „Sputnik-საქართველოს“ განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) დაიწყო. მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.