თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციით 2017 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ივლისამდე 255 429 ადამიანმა ისარგებლა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
დეპუტატის ცნობით, ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში 357 990 ვიზიტი შედგა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.
საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
ამასთან, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთების მიზეზი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.
საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება >>