თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამხედრო სწავლებაში მონაწილე გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში.
ვაზიანში, V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკაც. ტექნიკა საზღვაო გზით ქალაქ ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.
სწავლება პირველი აგვისტოდან დაიწყება და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“, რომელსაც ტრადიციულად, საქართველო და აშშ ხელმძღვანელობენ.
სწავლების მიზანი წელს არის სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან, აშშ–იდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩართული იქნება აშშ–ის ავიაცია და გერმანული ჯავშანტექნიკა.
საქართველოში „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეოთხედ ტარდება. 2017 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 2,8 ათასზე მეტმა სამხედრომ საქართველოდან, აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.