თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში ამ უქმეებზე წუწაობის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
პარკის დირექცია შაბათსა და კვირას სიცხისგან გათანგულ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საზეიმო ატმოსფეროს შესაქმნელად შესთავაზებს წყლის პისტოლეტებსა და წყლის ჭავლს. ფესტივალის მსვლელობას პროფესიონალი ანიმატორები მოემსახურებიან 15:00-დან 17:00 საათამდე.
„თავი დააღწიეთ სიცხეს და გაგრილდით მთაწმინდის პარკში!" — მოუწოდებენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.
ფესტივალის ორგანიზატორები იმასაც ამბობენ, რომ შაბათ-კვირას მთაწმინდის პარკიდან მშრალი ვერავინ წავა.
წყლის ფესტივალების ჩატარება ტრადიციულია ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ტაილანდში, ლაოსში, ბირმასა და კამბოჯაში. ახლა ამ ქვეყნების ნუსხას საქართველოც შეუერთდება.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიური გახდება.