დაკავებულია 98 ნარკორეალიზატორი: შსს შვიდი თვის მონაცემებს აქვეყნებს

გამოწერა
აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ 15 კგ-მდე „ჰეროინი", 2 კგ-მდე MDMA, 1 კგ-მდე „ვარდისფერი ამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

სამართალდამცველებმა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 98 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ამ პერიოდში ამოღებულია დაახლოებით 15 კგ-მდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1,4 კგ-მდე „კოკაინი", 2 კგ-მდე MDMA, 1,2 კგ-მდე „ჰაშიში", 1 კგ-მდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კგ-მდე ფსიქოტროპული პრეპარატები. 

შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
ნარკოტიკებთან ბრძოლა მარტივდება – საქართველო Island–ის კლასის ორ კატარღებს მიიღებს

მამუკა ჭელიძის განმარტებით, სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის, ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

რაც შეეხება ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მისი უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისსა და კახეთში ხუთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ-სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და ზუსტი ადგილის შესახებ მონაცემებს იღებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ, ე.წ. „ვარდისფერი ამფეტამინი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, განაცხადა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

ყველა ახალი ამბავი
0