თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისში ხილვადობის გაუარესება ცხელი და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ გამოიწვია, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქში და აღმოსავლეთ საქართველოში მტვრის მასების გავრცელება გამოიწვია სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა აცხადებს, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის.
„ქარს თან მოაქვს სამხრეთ რეგიონებიდან ასევე, სავარაუდოდ, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ატანილი ქვიშა, მტვერი, რაც ვრცელდება ამჟამად, ჯერჯერობით, საქართველოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილზე. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთ ნაწილზე გადავიდეს. ამ ტიპის სინოპტიკური სიტუაციის დროს, არც ისე იშვიათია შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზე“, — განაცხადა რამაზ ჭითანავამ.
მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია, აღნიშნავენ სააგენტოში.