თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რათა კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ, განაცხადეს აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე.
მარგველაშვილის გეგმები არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი >>
NDI-ში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოებულია, ბევრი საკითხი გაურკვეველი რჩება, არჩევნების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებას“ არ აქვს გადაწყვეტილი, დაასახელებს თუ არა ის საკუთარ კანდიდატს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხი სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურსაც არ აქვს გადაწყვეტილი, აღნიშნავენ NDI-ში.
„საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია“, — განაცხადეს NDI-ში.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის.
არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.