მერიის ახალი სტრატეგია: თბილისელებს ნარჩენების დახარისხება სახლში მოუწევთ

© FB / "Batumi Boulevard"ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი ურნები
ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი ურნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე თბილისი ნარჩენების ადგილზე დახარისხების სისტემაზე გადავა, რისთვისაც ქუჩებში სპეციალური ურნები ეტაპობრივად განლაგდება

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ნარჩენების მართვის სტრატეგია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით პირველად თბილისისთვის შემუშავდება.

როგორც ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დოკუმენტის საფუძველი გახდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და ეს ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბების ფუნდამენტი გახდება.

„ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს ზოგადად გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია", — განაცხადა კალაძემ.

ნაგვის ახალი კონტეინერები - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში ნაგვის ახალ ურნებს დადგამენ

მისი თქმით, სტრატეგია, რომელსაც EBRD შეიმუშავებს მერიასთან ერთად, იქნება გარანტი იმისა, რომ თბილისი მალე გადაბა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რისთვისაც ქუჩებში ეტაპობრივად განთავსდება სპეციალური ურნები.

მერის მოადგილე მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ნარჩენების სახლში დახარისხება მოუწევს.

„სისტემა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვქმნით, მთლიანად ევროპულ სტანდარტზე იქნება მორგებული და დაფუძნებული ადგილზე სეპარირების სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში თბილისელებიც უნდა ჩაერთონ და ეტაპობრივად, სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გადავიდეთ ნარჩენის ქუჩებში და სახლებში სეპარირებაზე", — აღნიშნა ბითაძემ.

ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ იქნება რამდენიმე სახეობის ნარჩენი, როგორიცაა, მაგალითად, პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენი, მინისა და თუნუქის ნარჩენი, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა გადამუშავდეს.

ამას გარდა, ბითაძის თქმით, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენს, შეფუთვას, მინის ბოთლებსა და სხვა, ვალდებულება დაეკისრებათ, შეაგროვონ ისინი და გადაამუშავონ ნარჩენები.

ყველა ახალი ამბავი
0