თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხუთი მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, გამოძიებამ მრავალმილიონიანი თაღლითური სქემა გამოააშკარავა, რომელშიც 25 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ქართველების გარდა, დაჯგუფებაში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და ლატვიის მოქალაქეებიც შედიოდნენ.
2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით თაღლითებმა ფართომასშტაბიანი თაღლითური სქემა განახორციელეს. კერძოდ, დაჯგუფების წევრები სხვადასახვა ცნობილ ინტერნეტ-აუქციონებზე და სავაჭრო საიტებზე მანქანების გამყიდველებად ასაღებდნენ თავს, შექმნეს ათეულობით ფიქტიური კომპანია და დაზარალებულებისგან არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. ჯამში მოტყუებით მათ 4,5 მლნ დოლარზე მეტი თანხა მოიპოვეს და საზღვარგარეთ გადარიცხეს.
დაკავებულთა შორის არიან 44 წლის რომან ელიოზაშვილი, 37 წლის მიხეილ ინაძე, 63 წლის თენგიზ ხუხიაშვილი, 43 წლის გოჩა პაპოშვილი და 63 წლის ქეთევან სეფიაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი. ისინი ნიუ-იორკში დააკავეს. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.