თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ყვარლის შუასაუკუნეების თურგაანთ ეკლესიის ნანგრევებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა სააგენტო დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა სამმხრივი მინაშენით. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა.
ამჟამად ტაძრის ინტერიერი ნაშალი ქვებითა და მცენარეებით არის დაფარული.
მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამყოფილი კედლის ნაწილი.