მაშველებმა თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს

გამოწერა
მაშველებმა სვანეთის მთებში დაკარგული ორი უკრაინელი ტურისტიდან ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა 19 ივლისს შეძლეს, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთული რელიეფის გამო, მეორე ტურისტის გამოყვანა ვერ შეძლეს

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სამთო მაშველებმა თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაჭიანურდა.

ტურისტების 8-კაციანი ჯგუფი ზღვის დონიდან 4,2 ათას მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ჯგუფს ორი ტურისტი ჩამორჩა და დაიკარგა. ტურისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 ივლისს, გამთენიისას შევიდა.

სამთო მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა, ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

თეთნულდზე ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა>>>

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ტურისტი ცოცხალია, თუმცა მოგვიანებით მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის მეუღლეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

„ბოლომდე მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო, ოფიციალური ინფორმაცია არ მქონდა. ზოგი ამბობდა, რომ გარდაცვლილია, ზოგი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ახლა მაშველებმა მითხრეს, რომ გარდაცვლილია,“ — განაცხადა გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის მეუღლემ ტატიანა ალექსანდროვამ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0