ტაქსების რეგისტრაციის ერთწლიანი საფასური 100 ლარი ეღირება

გამოწერა
ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ტაქსის მძღოლებს სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდებიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება.

კალაძის განცხადებით, ნებართვის საფასური, ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს გადაიხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება.

რას მოიტანს ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები თბილისში>>>

"ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულადვე გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს", —განაცხადა კალაძემ.

ტაქსის ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი ავტომობილის სალონში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსოს და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში კი მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ხელს სანამ დაუქნევ დაფიქრდი!... მერე რა, რომ დაგორავს!...

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.

დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.

საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიები, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კერძო გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0