თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ააიპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ — გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის" დირქტორი დიმიტრი სოლომნიშვილი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა" და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა — პატრონობა და არა ობიექტის განკარგვა, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა აღნიშნული სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ, მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ა" პუნქტებით, რაც თაღლითობას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილ იქნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.