ბერთის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural Heritage of Georgiaბერთის ღვთისმშობლის ეკლესია წალკაში
ბერთის ღვთისმშობლის ეკლესია წალკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. წალკაში, სოფელ ბერთაში (ძველი ოლიანქი)  მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

„ეკლესია სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია მოქცეული. წარმოადგენს მცირე დარბაზულ ეკლესიას. ნაგებია დამუშავებული მოწითალო ფერის ქვით. უაბსიდოა. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან დასავლეთის სარკმლის საპირე გარედან ოთხფურცელა ფორმისაა. გადახურულია ბერძნული კრამიტით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ეკლესია დგას წყაროზე. ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ.

 ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ძირში მცირე თაღია გაკეთებული, საიდანაც კალმახები ტაძრის ქვეშა აუზიდან ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში გამოდიან.

გარდა ამ პატარა ტაძრისა, მონასტერი ასევე  მოიცავს უკანასკნელ პერიოდში აშენებულ ოთხ მოზრდილ სხვადასხვა ფუნქციის შენობებს. შემოზღუდულია გალავნით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0