თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს პოლიციელი, რომელმაც ფოთში ესროლა მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ინციდენტზე, რომელიც ორშაბათს გამთენიისას მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციის თანამშრომელი ნინო ჟვანიას ქუჩაზე შეეჩეხა ადამიანს, რომელიც სურსათის მაღაზიასთან მდებარე ტერმინალის გაქურდვას ცდილობდა. პოლიციელმა ბოროტმოქმედის დაკავებას შეეცადა, თუმცა ის თავს დაესხა სამართალდამცველს და ის ბლაგვი საგნით თავის არეში დაჭრა.
საპასუხოდ პოლიციის თანამშრომელმა ბოროტმოქმედის მისამართით სატაბელო იარაღიდან გასროლა განახორციელა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოკლული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნაზიმ გუზანოვია.
დაკავებული პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ძალადობისა ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა – რა მოხდა ქუთაისში >>
რაც შეეხება ქურდობის მცდელობას, სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმით ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.