თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სინგაპურში მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების ჯგუფ SingHealth-ის ბაზიდან ჰაკერებმა 1,5 მილიონი ადამიანის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ლი სიანლუნის პირადი მონაცემები მოიპარეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Straits Times-ზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმაციით, ჰაკერებმა 1,5 მილიონი ადამიანის, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მინისტრის პირადი მონაცემები მოიპარეს. ხელისუფლების განცხადებით, პრემიერის პირადი მონაცემები „არაერთხელ გამხდარა სამიზნე".
როგორც გაზეთი წერს, ეს იყო „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული" ჰაკერული თავდასხმა. კიბერუსაფრთხოების საკითხებში სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს იყო „კარგად დაგეგმილი შეტევა", სადაც მუშაობდნენ „არა უბრალო ჰაკერები ან დანაშაულებრივი დაჯგუფებები".
ჯანდაცვის მინისტრმა გან კიმ იუნიმ და ინფორმაციებისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ს. იშვარანმა შეტევას „მეტისმეტად სერიოზული და უპრეცედენტო" უწოდეს.