თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მობილური ტელეფონებითა და აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახდენდა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით - ბრალდებულები საქონელს ჰყიდდნენ როგორც ბრენდირებულ ტექნიკას.
ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით ("დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება"), რაც ითვალისწინებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.