თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის 175–ე სკოლაში თავშესაქცევი რამ მოხდა – მისაღებ გამოცდაზე ისტორიაში აბიტურიენტი გიორგი ჟუჟუნაშვილი ჯვაროსნის ფორმაში გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
კრეატიული ახალგაზრდის თქმით, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ–ერთი მთავარი თემაა, ამიტომ, თემატიკიდან გამომდინარე, გამოცდაზე ჯვაროსნის კოსტიუმში მისვლა გადაწყვიტა. თავად ჟუჟუნაშვილმა აღნიშნა, რომ ამით გამოცდის წინ აბიტურიენტებში დაძაბული ვითარების განმუხტვა სურდა.
„სანამ გამოცდაზე წავიდოდი, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი“, – აღნიშნა ჟუჟუნაშვილმა.
მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ჯვაროსანი აბიტურიენტის ფოტო ელვისებურად გავრცელდა და მოქალაქეები გაამხიარულა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.