თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა-პროექტირება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2,5-კილომეტრიანი სიგრძის გზის მშენებლობა. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
„შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მლნ ლარს შეადგენს.
კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი ბაკურიანი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. უნიკალური კლიმატური პირობების გამო კურორტი საყვარელი ადგილია როგორც ტურისტებისთვის ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.