„ხაშმის საფერავი" — ეს არის ღვინო, რომელსაც ძველად დევების სისხლს უწოდებდნენ და რომლის სახელიც თამარ მეფეს უკავშირდება, დღეს კი ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში შევიდა. ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი — ამ შთამბეჭდავ ჩამონათვალს ხაშმის საფერავიც დაემატა.
როგორია ხაშმის საფერავის შექმნის ისტორია და რა თვისებებით გამოირჩევა ის, ამის შესახებ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის „Georgian unique wine / ქართული უნიკალური ღვინის“ დამფუძნებელი გოგა ფურცელაძე გვესაუბრა.
– რამდენადაც ვიცით, თქვენი კომპანია მხოლოდ ხაშმის საფერავს აწარმოებს. რატომ მაინც და მაინც ხაშმის საფერავი?
— დიახ, კომპანია „Georgian unique wine / ქართული უნიკალური ღვინო“ ექსკლუზიური კომპანიაა, რომელიც შეიქმნა მხოლოდ ხაშმის საფერავისთვის და ამას თავისი მიზეზები და ისტორია აქვს. დაახლოებით ერთი წლის წინ მომიწია ამ უნიკალურ ჯიშთან შეხება და შემდგომ უკვე ურთიერთობა. რამდენჯერაც ვახსენე „ხაშმის საფერავი” ადამიანების სახეზე იკითხებოდა ერთი და იგივე რეაქცია – ძალიან დიდი მოკრძალება და თაყვანისცემა. ამან ძალიან გამაკვირვა. დავინტერესდი, რა იწვევდა ასეთ ემოციას გარდა იმისა, რომ უზადო გემოვნური თვისებების მატარებელი ღვინოა. დავიწყე ისტორიის მოძიება და პირველი, რაც მოვისმინე, იყო ის, რომ ძველად „ხაშმის საფერავს“ თურმე დევების სისხლსაც უწოდებდნენ. ამან კიდევ უფრო დამაინტერესა, მოვიძიე სრული მასალა და აღმოვაჩინე ის, რამაც განაპირობა უკვე მომავალში კომპანიის შექმნა. „ხაშმის საფერავის“ წარმოშობის ისტორია პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალ მეფეს, მეფეთ-მეფედ წოდებულ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების კერპს — თამარ მეფეს, რომლის დავალებითაც დავითგარეჯელმა ბერებმა ხაშმში ვენახები გააშენეს. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ჩავთვალე, რომ ამ ჯიშს განსაკუთრებული მიდგომა, მოვლა, ყურადღება სჭირდება. ჩემი თავის წინაშე დავაყენე კომპანიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ყველაფერს, გაიტანდა ხაშმის საფერავს უფრო ფართო ასპარეზზე, ისე, როგორც მას ეკუთვნის.
– თქვენი სლოგანია „ისტორიული, ტრადიციული, უნიკალური“. რატომ ეს სამი სიტყვა?
— დიახ, ჩვენ გვაქვს სლოგანი: „ისტორიული, ტრადიციული, უნიკალური“. აქაც ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, რადგან სამივე სიტყვა აბსოლუტურად ლიგიკურია. ისტორიული იმიტომ, რომ როგორც ჯიშს, ხაშმის საფერავს ძალიან მდიდარი და დიდი ხნის ისტორია აქვს. ტრადიციული იმიტომ, რომ ღვინო, რომელსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ, არის პატარძეულის მამათა მონასტრის მარანში დაწურული, რომელსაც წურავენ იქ მცხოვრები მამები. აქ საგულისხმო არის ის, რომ დაახლოებით 15 წლის წინ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან პატარძეულში გადმოვიდნენ მამები, რომლებმაც ხაშმში გააშენეს ვენახი, მოჰყავთ ხაშმის საფერავი, წურავენ საბარძიმე ღვინოს და აგრძელებენ ამ მდიდარ ტრადიციას. რაც შეეხება უნიკალურს, ხაშმის საფერავი თავისი წარმოშობის ისტორიით, უზადო გემოვნური თვისებებით, საუცხოო მრავალფეროვანი არომატით ნამდვილად უნიკალურია. ჩვენ მოვიძიეთ როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერი, ასევე ძალიან გამოცდილი მეღვინეები, რათა უფრო მასშტაბური გავხადოთ წარმოება.
– ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა, როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
— ის, რომ ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს დაემატა „ხაშმის საფერავი”, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს ნამდვილად არის მოვლენა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ახლა ბევრად მეტი ყურადღება დაეთმობა ამ განსაკუთრებულ და გამორჩეულ ყურძნის ჯიშს, მის განვითარებას და პოპულარიზაციას. მრავალფეროვნად გაიცნობს მსოფლიო საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ხაშმის საფერავმა სწრაფად დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ბაზარზე, როგორც ქართული ღვინის კულტურის ღირსეულმა და გამორჩეულმა წარმომადგენელმა.