თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, 18-19 ივლისს თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტი, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.
„სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი „ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეები მთაწმინდის პარკში მოხვედრას ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეძლებენ.
19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება, ნათქვამია განცხადებაში.
OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ის წევრი-ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.
OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა.