თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რიონში წყლის დონე დაკლებულია — რაჭაში სოფელ ღებთან წყალდიდობის ადგილას მძიმე ტექნიკა მუშაობს, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
შაბათს რაჭაში სოფელ ღებთან მდინარე რიონი ნაპირებიდან გადმოვიდა. მდინარემ სოფელ ღების და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, 50 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.
„მდინარე რიონში წყლის დონემ უკვე საგრძნობლად დაიკლო. მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონაში მუშაობს. სავარაუდოდ, 5-6 საათში ახალი გზა გაკეთდება. შესაბამისად, სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი გზა აღდგება. ინტენსიური სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, — განმარტა ჯაფარიძემ.