სკანდალი ცხოველთა თავშესაფრის ირგვლივ თბილისში - ვიდეომ ადამიანები შეაძრწუნა

© Sputnik / Levan Avlabreliუსახლკარო ლეკვები
უსახლკარო ლეკვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოზე ნანახი მოკლული ძაღლების გამო ცხოველთა დამცველები პარლამენტთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ცხოველთა დამცველები  საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან — სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის თავშესაფარში მკვდარი და მომაკვდავი ძაღლებია ასახული.

მოწოდება მოსახლეობას: „არ დატოვოთ ცხოველები მანქანაში" >>

სუსტი ნერვების მქონე ადამიანს გაუჭირდება იმ ვიდეოს ნახვა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა Taso Losaveridze-მ გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული.

ნანახით შეძრწუნებული მომხმარებლების კომენტარები არ წყდება. ისინი იმ ადამიანების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს დაუნდობლად ეპყრობიან და ასევე ითხოვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ცხოველების ქუჩაში დაბრუნებას.

მეტიც, ქსელში გაჩნდა საპროტესტო აქციის ანონსი, რომელიც 15 ივლისს პარლამენტთან გაიმართება.

განცხადება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გააკეთა და ვიდეოს და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ძაღლი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა ჯარიმები თბილისში ძაღლების პატრონებისთვის

„მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების წარმომავლობისა და მოყვანილი ფაქტების შესახებ. ასევე, უნდა დადგეს იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, ვინც საზოგადოების დეზინფორმაციისა და სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დადგა და გაავრცელა ვიდეოკადრები“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, მკვდარი ცხოველების მიღებისა და სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში მათი განთავსების სამუშაო დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით არის ასახული. ამ ადგილას მოხვედრა მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელს შეუძლია.

„გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, აღნიშნულ კადრები ვრცელდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობას ამ ცხოველებზე ზრუნვა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ გულგრილობას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უკავშირდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ხელმძრვანელობის თქმით, ეს ადამიანები სააგენტოს დისკრედიტაციაც ცდილობენ, რადგან უკმაყოფილონი არიან დათხოვნის და უწყებაში გატარებული რეფორმების გამო.

„სწორედ აღნიშნულ პროცესს მოჰყვა ნეგატიური კამპანია სააგენტოს წინააღმდეგ და ადგილი აქვს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში უპატრონო ძაღლებს გამოკვებავენ და პოლიეთილენის ბოთლებს შეაგროვებენ >>

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის მერიაში 2015 წლის 1 იანვარს შეიქმნა. მის ამოცანებს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კონტროლი, მოსახლეობის დაცვა აგრესიული ცხოველებისგან და ცხოველებისა და ადამიანების თანაცხოვრებისთვის გარემოს შექმნა წარმოადგენს.

საზოგადოებაში სააგენტოს მიმართ უნდობლობა შექმნის მომენტიდან არსებობს. მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად ადამიანებს კერძო თავშესაფრებში მიმართვას ირჩევდნენ. მოსახლეობის უნდობლობას ცხოველთა დამცველთა ის განცხადებები ამყარებდა, რომ სტერილიზაციის, მკურნალობის და გარემოში დაბრუნების ნაცვლად ცხოველებს აძინებენ, ხოლო თავშესაფარში პირობები სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება.

თებერვლის შუა რიცხვებში თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოინახულა, ერთ-ერთი ლეკვი წამოიყვანა და უწყების რეფორმა დააანონსა.


ყველა ახალი ამბავი
0